საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 2026 წლის თებერვალში რეკორდულ დონეს - 6,65 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 358,9 მილიონი დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ბანკი ავრცელებს.
რეზერვებში ოქროს წილი 18%-ს ანუ დაახლოებით 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. შეძენის მომენტიდან მონეტარული ოქროს ღირებულება დაახლოებით 698,4 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც ასახავს სებ-ის სტრატეგიას აქტივების დივერსიფიკაციის მიმართულებით. მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ რეზერვების შევსება ხორციელდება სავალუტო ბაზარზე და ეკონომიკაში არსებული ხელსაყრელი ვითარების ფონზე, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
2025 წელს სავალუტო წმინდა შესყიდვებმა 2,43 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2026 წლის იანვარში - 86,6 მილიონი დოლარი. თებერვლის განახლებული მონაცემების გამოქვეყნება 25 მარტს იგეგმება, ხოლო საერთაშორისო რეზერვების სრული სტატისტიკა - 7 აპრილს.