საქართველოში 1 აპრილიდან ამოქმედდება ექვს წელზე ძველი M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების იმპორტის, პირველადი და დროებითი რეგისტრაციის აკრძალვა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, ახალი რეგულაციები ეხება პირადი მოხმარებისთვის შემოტანილ მანქანებს.
აღნიშნული თარიღიდან რეგისტრაციას მხოლოდ ექვს წლამდე ასაკის და ევრო-5 ეკოლოგიური სტანდარტის შესაბამისი ავტომობილები დაექვემდებარება, რომელიც ქვეყანაში უკვე ორი წელია მოქმედებს. თუ ტრანსპორტირება 1 აპრილამდე დაიწყო და ეს დოკუმენტურად დასტურდება, რეგისტრაცია აკრძალვის ძალაში შესვლის შემდეგაც იქნება შესაძლებელი.
გადაზიდვის დაწყების დამადასტურებელი საბუთის არარსებობის შემთხვევაში, ავტომობილის შემოტანა ნებადართული იქნება, მაგრამ რეგისტრაციაში გატარება შეუძლებელი იქნება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტშია გაგზავნილი.