ნორვეგიის უმსხვილესი ლოუკოსტერი Norwegian ქართულ ბაზარზე შემოდის: 2026 წლის 27 ივნისიდან ავიაკომპანია კოპენჰაგენსა და თბილისს შორის პირდაპირ რეისებს დაიწყებს. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განაცხადეს და აღნიშნეს, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები გადამზიდავთან.
ბილეთები უკვე განთავსებულია Norwegian-ის ვებგვერდზე. ფრენები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება, ბილეთის მინიმალური ღირებულება 125 ევროდან იწყება.
ამ მიმართულების გახსნამდე, საქართველოსა და დანიის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა. მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის გავლით ალტერნატიული მარშრუტის გამოყენება უწევდათ.
მოთხოვნა სკანდინავიასთან კავშირზე კვლავ იზრდება: 2024 წელს საქართველო-დანიას შორის პირდაპირი რეისებით თითქმის 32,5 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, ხოლო სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტების საერთო ნაკადმა 22,5 ათას ადამიანს მიაღწია.
ავიაკომპანია Norwegian 1993 წელს დაარსდა და ევროპის უმსხვილეს ბიუჯეტურ გადამზიდავებს შორისაა. მგზავრთნაკადის მიხედვით, ის ევროპის ლოუკოსტერებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო 2021 წელს Skytrax-მა ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო ბიუჯეტურ ავიაკომპანიად აღიარა.