შპს Europebet-მა 2025 წელი 169.34 მილიონი ლარის შემოსავლით დაასრულა. წინა წელთან შედარებით, შემოსავლები უმნიშვნელოდ გაიზარდა – 2.55 მილიონი ლარით, ანუ 1.53%-ით. თუმცა, შემოსავლების დადებითი დინამიკის მიუხედავად, კომპანიის წმინდა მოგება 28.8%-ით შემცირდა.

Europebet-ის შემოსავლების მთავარ წყაროდ ონლაინ კაზინოს მიმართულება დარჩა, რომელმაც 121.29 მილიონი ლარი მოიტანა – 3.75%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე. ამასთან, ტოტალიზატორის მიმართულებამ საპირისპირო დინამიკა აჩვენა: სპორტული ფსონებიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა 39.41 მილიონ ლარამდე, 2024 წლის 41.16 მილიონი ლარის წინააღმდეგ. P2P-თამაშებიდან მიღებული შემოსავლებიც შემცირდა – 15.1%-ით, 2.74 მილიონ ლარამდე.

კომპანიის ხარჯებმა სათამაშო მომსახურებაზე 2025 წელს 48.07 მილიონი ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა თამაშების მომწოდებლებისთვის სალიცენზიო გადასახადებზე – 25.39 მილიონი ლარი, ასევე საგადახდო სისტემების საკომისიოებზე – 19.09 მილიონი ლარი. პერსონალის ხარჯები გაიზარდა 25.93 მილიონ ლარამდე, ხოლო თანამშრომელთა საშუალო რაოდენობამ 244 ადამიანი შეადგინა. კომპანიამ ასევე შეამცირა მარკეტინგის ხარჯები – 10.32 მილიონ ლარამდე, წინა წლის 12.47 მილიონი ლარის წინააღმდეგ.