საქართველოს აეროპორტებმა 2026 წელი ნახტომით დაიწყეს: მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა

იანვარი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თვე გახდა

2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თვის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო ნავსადგურებმა 613 933 მგზავრს მოემსახურა, ხოლო შესრულებული ავიარეისების საერთო რაოდენობამ 2 873-ს მიაღწია, რაც ასევე 16%-ზე მეტ ზრდას ნიშნავს.

ძირითადი დატვირთვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოვიდა, რომელმაც 430 034 მგზავრი მიიღო. ქუთაისის აეროპორტმა 138 028 ადამიანს მოემსახურა, ხოლო ბათუმის აეროპორტმა - 44 894 მგზავრს. პარალელურად, საგრძნობლად გაიზარდა სატვირთო სეგმენტიც: საავიაციო გადაზიდვების მოცულობამ იანვარში 3 147,16 ტონა შეადგინა, რაც 38,75%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება 9,56%-ით გაიზარდა, სულ 24 387 საფრენოსნო ოპერაცია დაფიქსირდა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პოზიტიური დინამიკა 2025 წლის რეკორდულ ტრენდს აგრძელებს. მაშინ საქართველოს აეროპორტებმა 8 494 640 მგზავრს მოემსახურა, ხოლო რეისების რაოდენობა 38 218-მდე გაიზარდა და 2024 წლის მაჩვენებელს 17,5%-ით გადააჭარბა. საავიაციო ტვირთების მოცულობამ 38 578 379 ტონას მიაღწია, რაც 50%-იანი ზრდით ქვეყნისთვის აბსოლუტური რეკორდი გახდა.