საქართველოს რკინიგზა მილიარდ ლარის ინვესტიციას მიიღებს

ხელისუფლება ტრანზიტზე, ლოკომოტივებზე და ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის გახსნაზე აკეთებს აქცენტს

უახლოეს წლებში საქართველოს რკინიგზის განვითარებაში დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. ინვესტიციები მიმართული იქნება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისა და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.

მინისტრის თქმით, მსოფლიო ტვირთბრუნვის ზრდა საქართველოსგან საიმედო სატრანზიტო პარტნიორის როლის შენარჩუნებისთვის აქტიურ ნაბიჯებს მოითხოვს. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე ლოკომოტივების პარკის განახლება და გაფართოება. ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია და მისმა განხორციელებამ ქსელის გამტარუნარიანობა გააორმაგა.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნა, რომელსაც მთავრობა მთელი რეგიონისთვის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის ისტორიულ პროექტად მოიხსენიებს. პარალელურად, საქართველოს რკინიგზა 120 გონდოლა ვაგონის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც 20 მილიონი ლარის ტენდერია გამოცხადებული. ასევე, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია აზიის განვითარების ბანკიდან და მსოფლიო ბანკიდან 162,5 მილიონი ლარის საკრედიტო ხაზების მოზიდვა სარკინიგზო სექტორის რეფორმის ფარგლებში.