საქართველო მომდევნო სამი წლის განმავლობაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაახლოებით 2 მილიარდ ლარს გამოყოფს. დაგეგმილია თითქმის 50 ლოკომოტივის, 10 სამგზავრო მატარებლის შეძენა და სატვირთო პარკის განახლება. გარდა ამისა, დეკემბერში, აღდგენის შემდეგ, ისტორიული „კუკუშკა“ მარშრუტზე დაბრუნდება.
ამ გეგმების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ინვესტიციებმა უნდა გააძლიეროს ქვეყნის პოზიცია, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორი.
50-მდე ახალი ლოკომოტივისა და 10 სამგზავრო მატარებლის შეძენა უკვე დაწყებულია. ამავდროულად, „საქართველოს რკინიგზამ“ ექსპლუატაციაში შეიყვანა 200 შეძენილი სატვირთო ვაგონიდან პირველი 50. მოძრავი შემადგენლობის განახვა მიზნად ისახავს სარკინიგზო სისტემის შესაძლებლობების გაზრდას და სატრანსპორტო გადაზიდვების განვითარების ხელშეწყობას.
კიდევ ერთი პროექტია დეკემბერში ისტორიული ვიწროლიანდაგიანი ხაზის „ბორჯომი – ბაკურიანი“, იგივე „კუკუშკას“ დაბრუნება. აღდგენითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ვაგონებისთვის შეირჩა დიზაინი, რომელიც შეესაბამება ბუნებრივ ლანდშაფტს და ბაკურიანის ისტორიულ იერსახეს. მინისტრის თქმით, განახლებულმა მატარებელმა უნდა შეინარჩუნოს მარშრუტის ატმოსფერო, რომელიც საქართველოს რამდენიმე თაობისთვის ნაცნობია.