2026 წლის ივნისიდან თბილისი პირდაპირ დაუკავშირდება კოპენჰაგენს: ახალ მარშრუტს სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Norwegian-ის შვილობილი კომპანია Norwegian Air Sweden დაიწყებს.
თავდაპირველად რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება - ოთხშაბათს და შაბათს, 15 აგვისტოდან სიხშირე შეიცვლება ოთხშაბათსა და კვირას. მარშრუტის შესრულების ნებართვა ავიაკომპანიამ 23 მარტს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მიიღო.
მარშრუტის გახსნა გააძლიერებს საქართველოს კავშირებს სკანდინავიის ქვეყნებთან და ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტებს მოიზიდავს. კოპენჰაგენის აეროპორტი, როგორც მსხვილი სატრანზიტო ჰაბი, ქართველ მგზავრებს ევროპასა და აშშ-ში მოგზაურობის მოსახერხებელ შესაძლებლობებს მისცემს.