საქართველოს ბიომეტრიულმა პასპორტმა და ელექტრონულმა პირადობის მოწმობამ მიიღო ჯილდო ნომინაციაში „დოკუმენტების საუკეთესო სერია“ რეგიონულ ფორუმზე High Security Printing EMEA 2026. დოკუმენტები აღინიშნა უსაფრთხოების მაღალი დონით, თანამედროვე დიზაინითა და ეროვნული იდენტობის ასახვით.
ახალი დოკუმენტების გაცემა 2025 წელს დაიწყო და მათ უკვე მოიპოვეს აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა რაბათში, მაროკოს დედაქალაქში, სადაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს, რუსუდან კოხოძეს გადაეცა პრიზი. ფორუმმა 50-მდე ქვეყნიდან 300-ზე მეტი დელეგატი შეკრიბა.
ახალი თაობის დოკუმენტები აღჭურვილია თანამედროვე დამცავი ელემენტებითა და ბიომეტრიული ტექნოლოგიებით, რაც ზრდის მათ საიმედოობას. ქართული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მათ შორის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თამთა პეტვიაშვილმა და პროექტის მენეჯერმა ნატალია გეგელაშვილმა, ფორუმის საერთაშორისო მონაწილეებთან შეხვედრებზე ახალი პასპორტები და პირადობის მოწმობები წარადგინეს.