საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი ახალ ენერგეტიკულ დერეფანს ამზადებენ

ტექნიკური დავალება უკვე მზად არის

უახლოეს მომავალში დაიწყება კონსულტანტის შერჩევა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის დამაკავშირებელი ენერგეტიკული დერეფნის მასშტაბური პროექტის ტექნიკურ-კომერციული დასაბუთების შესამუშავებლად. ამის შესახებ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ გენერალურმა დირექტორმა თურალ ალიევმა სუფთა ენერგიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინტერკონექტორის ტექნიკური დავალება უკვე მზად არის და ახლა სპეციალიზებული კონსულტანტის შერჩევაა საჭირო, რომელიც პროექტის დეტალურ შეფასებას განახორციელებს. ექსპერტები ჩაატარებენ ტექნიკური და ფინანსური განხორციელებადობის ანალიზს, შეისწავლიან განახლებადი წყაროების ინტეგრაციის შესაძლებლობებს და ხარჯების ოპტიმიზაციის გზებს.

ენერგეტიკული დერეფნის პროექტი მიზნად ისახავს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, „მწვანე“ ენერგეტიკის განვითარებას და ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიწოდების ეფექტიანობის გაზრდას. მისი განხორციელება შეიძლება გახდეს საკვანძო ნაბიჯი სამხრეთ კავკასიისა და ბალკანეთის ენერგეტიკული ბაზრების გაერთიანებაში.