შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ენერგეტიკული კაბელის პროექტმა ევროკავშირისგან მიიღო PCI/PMI სტატუსი - პროექტი, რომელიც საერთო ინტერესს წარმოადგენს. ეს სტატუსი ენიჭება ინიციატივებს, რომლებსაც აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობა ევროკავშირის ენერგოსისტემისთვის და ხელს უწყობენ ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირების შექმნას.
ენერგეტიკის ექსპერტი მურმან მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ PMI სტატუსი პროექტს რამდენიმე საკვანძო უპირატესობას ანიჭებს. მათ შორის არის დაჩქარებული ადმინისტრაციული პროცედურები, სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი და ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების მოთხოვნის შესაძლებლობა. თუმცა, PCI-ის შიდა პროექტებისგან განსხვავებით, გარანტირებული დაფინანსება გათვალისწინებული არ არის, სტატუსი ზრდის პოტენციური ინვესტორების ნდობას და აუმჯობესებს განხორციელების პირობებს.
მარგველაშვილის თქმით, სტატუსის მთავარი მნიშვნელობა პროექტის სტრატეგიულ ხასიათშია. ის გახდება რეგიონის პირველი პოტენციური ენერგეტიკული კავშირი ევროკავშირთან და შექმნის საფუძველს უფრო ფართო დერეფნისთვის „მწვანე“ ენერგიის გადასაცემად, მათ შორის ცენტრალური აზიის შესაძლო დაკავშირებისთვის. ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება მოწმობს ამ გეგმებისადმი ინტერესის შენარჩუნებაზე ბრიუსელსა და თბილისს შორის პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად.
ევროპულ კომისიაში ადრე აცხადებდნენ, რომ PCI/PMI სტატუსის მოლოდინი საკვანძო ეტაპია. უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პროექტი შეძლებს ისარგებლოს ნებართვების მიღების დაჩქარებული პროცედურით. საჭირო პირობების შესრულების შემთხვევაში, მას ექნება უფლება კონკურენტულ თანადაფინანსებაზე პროგრამის „ევროპის შემაერთებელი მექანიზმი“ (CEF) ფარგლებში.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა გაააქტიურა მუშაობა ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციისა და ტრადიციული მარშრუტებისგან დამოკიდებულების შემცირების მიზნით. პირველი სერიოზული ნაბიჯები წყალქვეშა კაბელის განვითარებისთვის 2022 წელს გადაიდგა. მაშინ რუმინეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის შეთანხმებას შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადაცემის ხაზის მშენებლობაზე. ცერემონიას ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდა.
დოკუმენტი ითვალისწინებს წყალქვეშა კაბელის გაყვანას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს ტერიტორიისა და შავი ზღვის აკვატორიის გავლით. პროექტში მონაწილეობს მსოფლიო ბანკი, რომელიც მისი ერთ-ერთი დამფინანსებელია.